თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება
თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება.

აღნიშნულ ეტაპამდე უკვე განხორციელდა იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხებიან ბაღში, არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი, ასევე იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ანუ საყოველთაო რეგისტრაციას, როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რეგისტრაციის პროცესი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა ის აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები. ამასთან, დაიშვებიან ის ბავშვები, რომლებსაც ორი წელი შეუსრულდათ სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში და არა რეგისტრაციის მომენტში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, წელს თბილისის საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება ოთხი ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია:

• დაბადების მოწმობის ასლი;

• ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული);

• ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;

• მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.