თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

„დანაშული ხუთიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი „სუბუტექსი“, „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, ხუთი აბი „ექსტაზი“ და ერთი შეკვრა “მდმა”.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.