თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი 
თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი 

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. თურქული მედიის ცნობით, ავარიას თურქეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. ისინიც თურქეთის მოქალაქეები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა, ჩანქირის პროვინციაში დღეს დილით მოხდა. ავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულნი არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში.

„ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე სამი მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ავარიის გამო, ავტომაგისტრალზე საგზაო მოძრაობა დროებით მხოლოდ ერთი მიმართულებით იყო დაშვებული.