თბილისი-რუსთავის 800-მეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
მეორე მონაკვეთის, 800-მეტრიანი ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
უწყების ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ინდუსტრიულ ზონას და სამშენებლო არეალი უახლოესი მრავალსართულიანი სახლებიდან დაშორებულია 120 მეტრით.
ამასთან, მათივე თქმით, თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 119 მილიონი ლარია.