„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა

ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, ვითარება კვლავ დაიძაბა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ისევ ცდილობენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება უნდა გაიმართოს.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები სავალ ნაწილზე გადადიან და გზის გადაკეტვას ცდილობენ.

პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.

„ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანების“ წარმომადგენლის, სალომე ბარკერის თქმით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ახერხებენ წესრიგის შენარჩუნებას.

„ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება, თუმცა მაინც პატარა ნაბიჯებით მივდივართ წინ. რაც შეეხება პოლიციას, ახერხებს, ის ჯერჯერობით შეინარჩუნოს წესრიგი, დაიცვას წესრიგი და მშვიდობა, რაც მე ძალიან მომწონს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოძალადეებს დააკავებენ, თუმცა, თუ დააკავებენ, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები, რადგან ადამიანები, რომლებიც სხვებს ემუქრებიან ძალადობით, თავის გატეხვით, ცოცხლად გატყავებით და ყველაფრით, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში თავისუფლად არ უნდა დადიოდნენ. ძალიან ბევრი საელჩოა მოწვეული, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები იქნებიან აქ“, – განაცხადა სალომე ბარკერმა.