„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტერიტორიას ტოვებენ
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტერიტორიას ტოვებენ

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიების დასრულების შემდეგ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა შენობა უკვე დატოვა.

მათ პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური კორიდორის საშუალებით დატოვეს ტერიტორია.

ამასთან, გრძელდება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების შენობიდან ეტაპობრივად გამოყვანა.

პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები.

შეგახსენებთ, ტერიტორიასთან ახლოს, სადაც პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება იმართებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეების მისამართით კვერცხებს ისროდნენ.

პოლიციამ ცოტა ხნის წინ, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე 12 პირი იყო დაკავებული.