„თბილისი პრაიდის“ კვირეული ფილმის ჩვენებით გაიხსნა

„თბილისი პრაიდის“ კვირეული ფილმის ჩვენებით გაიხსნა. ელენე ნავერიანის ფილმის – „სველი ქვიშა“ ჩვენება ერთ-ერთ კლუბში გაიმართა.

ღონისძიებას ლგბტქ თემის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიასა და ფილმის გადამღებ ჯგუფს შორის დისკუსია გაიმართა.

ღონისძიების პარალელურად მიმდებარე ტერიტორიასთან შეკრებილები იყვნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ღონისძიებას აპროტესტებდნენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სამართლდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან განარიდეს.

ცნობილია, რომ პრაიდის ორგანიზატორებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის უსაფრთხოების და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომუნიკაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ღონისძიების მიმდინარეობისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.