თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

10:11, 06.10.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ღონისძიება, რომლის მასპინძელი ქვეყანაა საქართველო, კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.

„კლიმატის ცვლილება სულ უფრო მწვავე გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის და უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნებსა და მოსახლეობაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერება და მდგრადი ეკონომიკის განვითარება. კლიმატის მწვანე ფონდთან პარტნიორობით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კლიმატური რისკების შემცირების, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებისა და ტყეების მდგრადი მართვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რეგიონული თანამშრომლობა – კონკრეტულ პროექტებად, პროექტები კი ინვესტიციებად და ხელშესახებ შედეგებად გარდავქმნათ. ჩვენ გვინდა, ვიყოთ არა მხოლოდ საერთაშორისო კლიმატური თანამშრომლობის ბენეფიციარები, არამედ აქტიური პარტნიორები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სხვებს და ხელს უწყობენ პრაქტიკული რეგიონული ინიციატივების განხორციელებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რეგიონული დიალოგის პირველი დღის ფარგლებში მინისტერიალის მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე – „ამბიციიდან განხორციელებამდე: ქვეყნის პრიორიტეტებზე დაფუძნებული კლიმატური ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება“.

შეხვედრაზე მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საერთო გამოწვევებზე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და კლიმატური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე გაიმართა თემატური და პლენარული სესიები, რომლებზეც ნახშირბადის ბაზრები, კლიმატური პლატფორმები, კერძო სექტორის ჩართულობა, ადრეული გაფრთხილების სისტემები და GCF-ის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.

„მადლიერი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელიც ამ რეგიონული დიალოგის თანაორგანიზატორია. დიალოგი რეგიონის ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობების გაძლიერებისა და კლიმატური გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს. კლიმატის მწვანე ფონდი რეგიონზე ორიენტირებული მიდგომით მოქმედებს და უკვე აღწევს კონკრეტულ შედეგებს. პარტნიორობების გაღრმავებით, ინვესტიციების გაზრდით, ქვეყნების პლატფორმების მხარდაჭერითა და რეგიონული წარმომადგენლობის შექმნით ჩვენ ქვეყნებს ვეხმარებით, კლიმატური მიზნები კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნან და უფრო მდგრადი მომავლის შექმნას შეუწყონ ხელი“, – აღნიშნა GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დეპარტამენტის დირექტორმა, თომას ერიქსონმა.

რეგიონული დიალოგის მომდევნო დღეები კლიმატური პროექტების მომზადებისა და დაფინანსების საკითხებს დაეთმობა. მონაწილეები GCF-ის დაფინანსების მექანიზმებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებს, მათ შორის Readiness-ის პროგრამასა და პროექტების მომზადების მექანიზმს (PPF), გაეცნობიან. დაგეგმილია ასევე ინდივიდუალური შეხვედრები კონკრეტული პროექტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კლიმატის სფეროში მომუშავე სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.

მსგავსი