თბილისი ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს #1TVSPORT
თბილისის სპორტის სასახლეში 9-11 თებერვალს ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ სრულად გამოიყენა მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი და თბილისის მსოფლიო თასზე 16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს.
ქართველ გულშემატკივართა წინაშე, მსოფლიოს ნომერ პირველ ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან ერთად, ნაკრების უკვე გამოცდილი წევრები და ნიჭიერი ახალგაზრდები წარსდგებიან.
შაბათს, 10 თებერვალს სანდრო ბაზაძე პირდაპირ ძირითად ბადეში დაიწყებს ასპარეზობას, ხოლო ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა შეჯიბრებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან.
ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.