თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს
თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს

8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას – „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს.

საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები მიიღებენ.

სესიის ფარგლებში ენერგოუსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

სესია მუშაობას 9 დეკემბერს შეუდგება და მას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გახსნის. დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, კლარა დობრევი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები, ევროპარლამენტარები – ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო.

ასამბლეა ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალურ-პოლიტიკურ და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციებს მიიღებს.

ასამბლეა თბილისში მუშაობას 10 დეკემბერს, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტების – ანდრიუს კუბილიუსისა და ივან კრულკოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულებს.