„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში ერთ დღეში აფეთქებას სამი კორპუსი გადაურჩა [ვიდეო]

თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონსა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია.

„სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის – 114-ის თანამშრომლებმა ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივე კორპუსში, სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.

„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს.

„საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს, გაუფრთხილდით მეზობლების სიცოცხლეს. ნუ დატოვებთ გაზის ონკანებს ჩართულ მდგომარეობაში, უყურადღებოდ. „თბილისი ენერჯი“ გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი