„თბილისი ენერჯი“ - თბილისში საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა
„თბილისი ენერჯი“ - თბილისში საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გუშინ, გვიან საღამოს თბილისში, ვაჟა ფშაველას მეოთხე კვარტლის ერთ-ერთი კორპუსიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა, რომელმაც თქვა, რომ კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა „თბილისის ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებმა, სპეციალური აპარატურით, კორპუსის შემოწმებისას დაადგინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში, გაზის ძალიან მაღალი კონცენტრაცია იყო. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის მიწოდება.

კომპანიის ინფორმაციით, ბინის მეპატრონის მოძიებისა და საცხოვრებელი სახლის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბინაში, სადაც რემონტი მიმდინარეობს, გაზგაყვანილობა ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული, 15 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ე.წ. რეზინის გაზის მილი კი ერთ ადგილას გადაჭრილი. როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, სწორედ ამ მილიდან ჟონავდა გაზი.

„კომპანიის სპეციალისტების მიერ აღებული მონაცემებით, გაზის კონცენტრაციას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეეძლო. რაც ძალიან დიდი ალბათობით დააზიანებდა საცხოვრებელ კორპუსს და შესაძლოა, მსხევრპლიც მოჰყოლოდა.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომელიც მსგავს სიტუაციაში დროულად გვატყობინებს ინფორმაციას საფრთხის შესახებ ნომერზე – 114“, – აცხადებენ კომპანიაში.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.