„თბილისი ენერჯი“ მიიჩნევს, რომ გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო უნდა გახდეს და დახურულ სივრცეში ღია წვის კამერიანი გამათბობლები აიკრძალოს
„თბილისი ენერჯი“ მიიჩნევს, რომ გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო უნდა გახდეს და დახურულ სივრცეში ღია წვის კამერიანი გამათბობლები აიკრძალოს

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

კომპანია სამინისტროს კანონპროექტში ორი პუნქტის დამატებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის სავალდებულო გახდება გაზის დეტექტორების დამონტაჟება, ხოლო დახურულ სივრცეში აკრძალული იქნება ღია წვის კამერიანი გამათბობლების დამონტაჟება.

როგორც „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე ამბობს, აღნიშნული რეგულაციების დამატებით დაწესება უსაფრთხოების მეტ გარანტიას უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვნად შეამცირებს აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლა უბედური შემთხვევების რიცხვს, შესაბამისად, მივესალმებით. ამასთან, უმჯობესი იქნება, თუ კანონპროექტში ჩაემატება გაზის გაჟონვის დეტექტორების აუცილებლობა ყველა გაზის მომხმარებელთან და მეორე, უმჯობესი იქნება, აიკრძალოს დახურულ სივრცეებში, გაზის ყველა მომხმარებელთან ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება. ეს არის პრევენცია“, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

მისი განმარტებით, გაზის გაჟონვის დეტექტორი აფეთქების პრევენციას უზრუნველყოფს.

„ეს არის კომპლექტში ელექტროონკანთან ერთად. როდესაც ბინაში არ ხართ ან როდესაც ღამეა, თუ ოდნავ მაინც მოხდა გაჟონვა, ავტომატურად იკეტება ბინაში შემავალი გაზი. ასევე, უბედური შემთხვევების 90 პროცენტი გამოწვეულია ღია წვის კამერიანი დანადგარების არასწორად მონტაჟის შედეგად. უნდა აიკრძალოს დახურულ სივრცეში, ბინაში ღია წვის კამერიანი დანადგარის დამონტაჟება, თორემ აივანზე, ღია სივრცეში პრობლემა არ არის“, – აღნიშნა „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ.

გიორგი ლეფსვერიძემ განმარტა, რომ პრობლემას წარმოადგენს არასწორი დამონტაჟება და თავად ღია წვის კამერიანი დანადგარის პრინციპი, რადგან ჟანგბადისგან ცლის სათავსოს, სადაც დამონტაჟებულია.

დატოვე კომენტარი