„თბილისი არენაზე“ საქართველო ფინეთს უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
„თბილისი არენაზე“ საქართველო ფინეთს უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში დღეს ფინეთს დაუპირისპირდება. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა 21 ნოემბერს ესპოოში ფინეთი 90:83 დაამარცხა, დღეს კი სკანდინავიელებს მეოთხე წრის მატჩში, ამჯერად „თბილისი არენაზე“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

23 ნოემბერს თბილისი არენაზე ფინეთის ნაკრებმაც ივარჯიშა და საქართველომაც. ორივე გუნდმა ფინეთიდან თბილისამდე ერთად, ჩარტერული რეისით იმგზავრა. სკანდინავიელები თბილისში სასუ სალინის გარეშე ჩამოვიდნენ, რომელმაც ესპოოში შედეგიანად ითამაშა, თუმცა ოჯახური პირობების გამო თავის გუნდს საქართველოში ვერ გამოჰყვა. სამაგიეროდ, მეტოქეს შეუერთდა ევროლიგაში მოთამაშე „პარიზის“ წევრი მიკაელ იანტუნენი.

„საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს. ევროლიგაში თორნიკე შენგელიას ყველა მეტოქე დიდ ყურადღებას უთმობს. მან წინა ტურში ევროლიგის მატჩი „ფენერბაჰჩესთან“ ითამაშა და იმავე საღამოს გადაფრინდა ფინეთში, რომ მეორე დღეს საქართველოს ნაკრების მატჩში მიეღო მონაწილეობა. სწორედ მისმა კლასმა იქონია გადამწყვეტი გავლენა შეხვედრის შედეგზე.

განმეორებით მატჩში, თბილისში მეც ვითამაშებ. ბოლოს საქართველოში 2022 წელს ვიყავი და გაორებული მოგონებები დამრჩა – მაშინ პანდემიის გამო ყველა შეზღუდულები ვიყავით, პირბადეები გვეკეთა, თუმცა გავიმარჯვეთ და ევრობასკეტზეც გავედით“, – აღნიშნა მიკაელ იუტინენმა​.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება არ არის. ჩვენი გუნდის განაცხადში ის 12 კალათბურთელი იქნება, რომელიც 21 ნოემბერს ფინეთთან მატჩში ვიხილეთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზე სრული, 15-კაციანი შემადგენლობა იყო, რომლებიც მწვრთნელს ძალიან არ დაუტვირთავს, მხოლოდ 1 საათი ავარჯიშა და ისიც – ძირითად კომბინაციებზე.

ფინეთში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ის მატჩი უკვე ისტორიაა. ახლა თბილისში ვთამაშობთ და კიდევ უფრო მეტი ბრძოლა მოგვიწევს გამარჯვებისთვის. იმედი მაქვს, გულშემატკივარი 10-ათასიან არენას ბოლომდე შავსებს“, – ეს გიორგი შერმადინის სიტყვებია.