„თბილისი“ ამპუტანტთა ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მფლობელია #1TVSPORT
ამპუტანტთა ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მფლობელი თბილისის „თბილისია“ – საქართველოს ჩემპიონი „ინტერის“ აკადემიის სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში თასის ფინალისტს და ვიცე-ჩემპიონს, ზესტაფონის „მარგვეთს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
მატჩის გმირი „თბილისის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბექა კაჭკაჭაშვილი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და გუნდის წარმატებაში მთავარი როლი ითამაშა.
ამპუტანტთა ფეხბურთი სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს, 1997 წელს კი საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მანჩესტერში გაიმართა.
სუპერთასი 2016 წლიდან იმართება, „თბილისი“ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა. მანამდე გუნდი ჩემპიონი გახდა და ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს, ხოლო „მარგვეთი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
ამ გუნდების ბაზაზე დაკომპლექტდება საქართველოს ამპუტან ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც დეკემბერში ბელგიაში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, ხოლო 2027 წელს ერთა ლიგის „ბ“ დივიზიონში ითამაშებს – ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან იტალიის, საფრანგეთის, ირლანდიისა და უკრაინის ნაკრებები.