ქართული საფეხბურთო კლუბების უმრავლესობამ წინასასეზონო შეკრება დაასრულა. ერთ-ერთი ბოლო თურქულ შეკრებას „დინამო თბილისი“ შემორჩა, რომელმაც ბოლო სპარინგმატჩი გამართა.
კახა კაჭარავას გაწვრთნილები ყაზახეთის პირველობის ბრინჯაოსმედალოსან „ორდაბასს“ დაუპირისპირდნენ და დაამარცხეს. 23-ე წუთზე ანგარიში თბილისელებმა ოთარ კიტეიშვილის პენალტით გახსნეს – 1:0. მეტოქემ მე-40 წუთზე წონასწორობა აღადგინა 1:1.
მეორე ნახევარში ლევან ხარაბაძემ ყაზახების კარი კიდევ ერთხელ აიღო 2:1. 78-ე წუთზე კი ბუდუ ზივზივაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
აღსანიშნავია, რომ თურქულ შეკრებაზე ფინანსურად მოღონიერებულ ყაზახურ გუნდებთან მატჩების უმრავლესობა საქართველოს წარმომადგენლებმა წააგეს. „დინამოს“ გარდა, მხოლოდ საჩხერის „ჩიხურამ“ მოიგო.
„დინამო“ – „ორდაბასი“ 3:1
გოლები: 1:0 კიტეიშილი (32 .პ), 1:1 ტოლებეკი (40), 2:1 ხარაბაძე (55), 3:1 ზივზივაძე (78).
„დინამო“: ბულისკერია, რუხაია, ლუცევიჩი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (დარცმელია 89), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშილი, მარუსიჩი (ზივზივაძე 46).
ამით თბილისელთა მეორე თურქული შეკრება დასრულდა და ხვალ გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება. 4 მარტს „დინამო“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში „რუსთავს“ მიიღებს.