თავისუფლების ქანდაკებას დღეიდან ისევ გახსნიან
თავისუფლების ქანდაკებას დღეიდან ისევ გახსნიან

თავისუფლების ქანდაკებას დამთვალიერებლებისთვის დღეიდან ისევ გახსნიან. ნიუ იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში იმის მიუხედავად შევა, გაგრძელდება თუ არა აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება მომდევნო კვირის განმავლობაში. კუომოს განცხადებით, იმისათვის, რომ მონუმენტი დამთვალიერებლებისთვის ღია იყოს, ის შტატის ბიუჯეტს გამოიყენებს.

თავისუფლების ქანდაკება არ არის ერთადერთი ტურისტული ობიექტი, რომელიც მთავრობის დაფინანსების დროებით შეწყვეტის გამო დახურეს. დამთვალიერებლებისთვის დახურულია ბიუჯეტის დაფინანსებაზე დამოკიდებული ეროვნული პარკებისა და მუზეუმების მესამედი.

მანამდე რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, თუმცა დემოკრატი სენატორების წინააღმდეგობის გამო, კანონის დამტკიცება ვერ მოხერხდა. შედეგად, აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობა დროებით შეჩერდა.

მხარეებს შორის შეუთანხმებლობა რამდენიმე საკითხზე არსებობს. მათ შორის არის მიგრაციაც. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატ სენატორებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მეტად არალეგალი მიგრანტების ბედი აღელვებთ.