თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე საბრძოლო შემადგენლობით მიემგზავრება #1TVSPORT
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე საბრძოლო შემადგენლობით მიემგზავრება #1TVSPORT

2-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდვეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ უკვე დაასახელა ის შემადგენლობა რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავს.

10 წონითი კატეგორიიდან გიორგი იანტბელიძემ 8 წონაში ნდობა ნაკრების ბოლოდროინდელ ლიდერებს გამოუცხადა. 57 და 65 კგ. წონით კატეგორიებში კი მან არჩევანი სამტრედიელ ფალავნებზე, გოგა ძიგუასა და ედემი ბოლქვაძეზე შეაჩერა.

57 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა ბოლო პერიოდში ვარჯიში სათანადოდ ვერ შეძლო და ეს ცვლილებაც ამ ფაქტმა განაპირობა აღსანიშნავია ისიც, რომ გოგა ძიგუამ მინსკში ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 65 კგ-ში კი ედემი ბოლქვაძეს ურთულესი გამოცდის ჩაბარება ელის, რადგან მან ამ წონის უპირობო ლიდერი და ერთ-ერთი სახელოვანი ფალავანი, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეცვალა. ედემი ბოლქვაძე 23 წლამდელთა შორის გამართული კონტინენტის პირველობის ვიცე-ჩემპიონია.

საქართველოს ნაკრების ორი წევრი 61 და მძიმე წონით კატეგორიებში მოჭიდავეები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ოსლოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ჩავლენ და ორივე მათგანი ასპარეზს შეჯიბრის პირველივე დღეს 2 ოქტომბერს დაიწყებს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არის მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი, რომელიც უკვე 70 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. მან მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს მოიგო. მაშინ იაკობიშვილი 65 კგ. წონით კატეგორიაში ჭიდაობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მძიმე წონაში ვეღარ ვიხილავთ ოლიმპიადის ფინალში პეტრიაშვილის მეტოქე გეიბლ სტივესონს, აშშ-ს მის ნაცვლად ნიკოლას გვიაზდოვსკი წარადგენს.

მძიმე წონაში ოქროს მედლისთვის ამჯერადაც იბრძოლებს მსოფლიოს 2-გზის, ევროპის 8-გზის და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ტაჰა აკგული (თურქეთი).

კოვიდ-პანდემიის გამო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი 2020 წელს არ ჩატარებულა, 2019 წლის მნიშვნელოვანი ასპარეზი კი ორივე სახეობაში საქართველოს დელეგაციისთვის ტრიუმფით დასრულდა. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ბექა ლომთაძე, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი მწითურს და იაკობ ქაჯაიას გადაეცათ.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ანუ 2 ოქტომბერს მედლებისთვის ბრძოლას 61, 74, 86 და 125 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე ფალავნები დაიწყებენ.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ. გოგა ძიგუა (სამტრედია)

61 კგ. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

65 კგ. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

70 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (თბილისი)

74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

79 კგ. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)

86 კგ. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

92 კგ. ირაკლი მწითური (თბილისი)

97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)