თავისუფალი ჭიდაობა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა | მინსკი 2019 [ვიდეო/ფოტო]

მეორე ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას რიგით 23-ე მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოუტანა. მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, გორელი სპორტსმენი, 65 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ასევე ტიტულოვან აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან დამარცხდა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ორთაბრძოლის პირველ პერიოდში, ევროპულ თამაშებზე ტიტულის დასაცავად მებრძოლმა აზერბაიჯანელმა, ერთ შეტევაში ორქულიანი ორჯერ შეასრულა. სამწვრთნელო შტაბმა მეორე მათგანი გააპროტესტა, თუმცა „ჩელენჯი“ არ დაკმაყოფილდა და ლადომ პირველი ნახევარი ანგარიშით 0:5 დათმო. მეორე პერიოდში ხინჩეგაშვილმა ანგარიში ერთქულიანებით სამამდე შეამცირა, თუმცა ვა-ბანკზე წასულმა მეტი ვეღარ შეძლო და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. რაც შეეხება ალიევს მან ევროპული თამაშები მეორედ მოიგო.

რამდენიმე წუთში მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ექვსეულის ბოლო წევრი – ელიზბარ ოდიკაძე იბრძოლებს. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ქართველი, ამჯერად ბრინჯაოს მოპოვებას უკრაინის ნაკრების წევრ მურაზ მჭედლიძესთან შეხვედრაში შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილამდე გია იანტბელიძის გუნდიდან მინსკის „სპორტის სასახლეში“ კვარცხლბეკზე ასვლა ორმა სპორტსმენმა მოახერხა. გივი მაჭარაშვილი (125 კგ.) ვერცხლის, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.