თავისუფალი ჭიდაობა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია, ოდიკაძე დამარცხდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
თავისუფალი ჭიდაობა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია, ოდიკაძე დამარცხდა | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპულ თამაშებზე მეოთხედფინალიდან დაიწყო 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სპორტსმენმა, პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ასევე დასვენებულ მოლდოველი, ანდრეი პერპელიცას შეხვდა. ორთაბრძოლის პირველ ნახევარში თავისუფალ ჭიდაობაში ყველა ტიტულის მქონე ქართველმა და მისმა ვიზავიმ ქულები გაცვალეს. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრების კაპიტნის უპირატესობით დაიწყო, რაც მალე ქულებშიც გარდაისახა და საბოლოოდ შეხვედრა მისივე გამარჯვებით, ანგარიშით – 4:1 დასრულდა. ფინალში გადასასვლელად ლადო რუსეთის ნაკრების წევრს, მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, აჰმედ ჩაკაევს დაუპირისპირდება. ამ წონითი კატეგორიის ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 19:00-ზეა ჩანიშნული.

მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს თავისუფალი ჭიდაობის ტურნირში დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკის წარმომადგენლები ირკვევიან. ხინჩეგაშვილამდე თავისი პირველი შეხვედრა ვადამდე, 4 წუთსა და 43 წამში დაასრულა ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ.). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ოდიკაძემ, მერვედფინალში სომხეთის ნაკრების წევრი სარგის ჰოვსეპიანი აშკარა უპირატესობით- ანგარიშით 13:2 დაამარცხა. მეორე ორთაბრძოლა ბაქოს ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ოდიკაძემ აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან გამართა,საბოლოოდ 7:3 დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე მედლები ჭიდაობის ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება. ტურნირში გუშინ ჩართული ოთხი სპორტსმენიდან ერთი ფინალშია, ერთი კი ბრინჯაოს მედლის აღებას შეეცდება. დღეს მინსკის „სპორტის სასახლეში“ 21:10-ზეა დაგეგმილი გივი მაჭარაშვილისა (125 კგ.) და რუსეთის ნაკრების წევრის, ანზორ ხიზრიევის ფინალური შეხვედრა. მანამდე კი 20:00 საათზე ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) მასპინძელთა წარმომადგენელ აზამატ ნურიკაუს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდება.