თავისუფალი ჭიდაობა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ფინალში გავიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ოლიმპური ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელმა გორელმა სპორტსმენმა, მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქესთან, რუსეთის ნაკრების წევრ ჰასან ჩაკაევთან გამართული ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით (0:1) წააგო. მეორეში როგორც ლადოს ჩვევია უპირატესობა თავის მხარეზე გადმოიყვანა და მეტოქეს ერთქულიანი ორჯერ, ორქულიანი კი სამჯერ აუღო, თავად მხოლოდ ერთი ქულა გაუშვა და საბოლოოდ ანგარიშთ-8:3 გაიმარჯვა. ​ჩაკაევამდე ხინჩეგაშვილმა ერთი ორთაბრძოლა გამართა, რომელშიც მოლდოველი, ანდრეი პერპელიცა დაამარცხა (4:2). ფინალური შეხვედრა, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ამავე ტურნირების სამ-სამგზის გამარჯვებულ ჰაჯი ალიევთან ჩაატარებს, 27 ივნისს თბილისის დროით 19:50-ზეა ჩანიშნული.

ტურნირში დღეს ჩართული კიდევ ერთი ქართველი, ოქროს მედლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ელიზბარ ოდიკაძემ, მერვედფინალში სომხეთის ნაკრების წევრი სარგის ჰოვსეპიანი აშკარა უპირატესობით დაამარცხა. მან მეორე ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან გამართა, საბოლოოდ 7:3 დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. იმ შემთხვევაში თუ ნახევარფინალში გაჯიევი უკრაინის ნაკრების წევრს, მურაზ მჭედლიძესთან მოუგებს, მაშინ ბაქოს თამაშების პრიზიორ ქართველ მოჭიდავეს კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე მედლები ჭიდაობის ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება. ტურნირში გუშინ ჩართული ოთხი სპორტსმენიდან ერთი ფინალშია, ერთი კი ბრინჯაოს მედლის აღებას შეეცდება. დღეს მინსკის „სპორტის სასახლეში“ 21:10-ზეა დაგეგმილი გივი მაჭარაშვილისა (125 კგ.) და რუსეთის ნაკრების წევრის, ანზორ ხიზრიევის ფინალური შეხვედრა. მანამდე კი 20:00 საათზე ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) მასპინძელთა წარმომადგენელ აზამატ ნურიკაუს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდება.