თავისუფალი ჭიდაობა | ქემერტელიძე და მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ, სამი ქარველი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.
მედლებისთვის ხუთი ქართველი ფალავანი იბრძოდა, რომელთაგანაც აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ხვალ, 17 თებერვალს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი ფალავანი – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძემ (72 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.