თავისუფალი ჭიდაობა - მეოთხედფინალში ამინაშვილიც დამარცხდა | მინსკი 2019
თავისუფალი ჭიდაობა - მეოთხედფინალში ამინაშვილიც დამარცხდა | მინსკი 2019

მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი. მეოთხედფინალში იგი აზერბაიჯანელ ალექსანდერ გოსტიევთან შეხვედრის პირველ ნახევარში, ანგარიშით 0:3 დამარცხდა. პირველი ევროპული თამაშების ქართველმა პრიზიორმა მეორე პერიოდის დასაწყისში სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალება სცადა და სხვაობა მინიმუმამდეც შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში გოსტიევმა თავისი მონაგარი კიდევ სამი ქულით გაზარდა და საბოლოოდ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ამინაშვილი ანგარიშით 2:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ასევე მეოთხედფინალშია 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი. ქართველმა მძიმეწონოსანმა მერვედფინალში აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 10:0 ფინელი იერე ჰეინო დაამარცხა და მეოთხედფინალში მეტოქედ რუმინელი ბარეს ჩინტოანი ეყოლება.

დღესვე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერვედფინალში დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ლაშა ლომთაძე, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მეოთხედფინალში რუსი ზაურბეკ სიდაკოვის ბარიერი ავთანდილ კენჭაძემ ვერ დაძლია. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილ ორ წევრს, ისინი მინსკის სპორტის სასახლის არენაზე ხვალ გავლენ. 26 ივნისს კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ასევე პირველი ევროპული თამაშების ფინალისტი – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაიწყებენ.