თავისუფალი ჭიდაობა | მაისურაძე 17-წლამდელთა მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ფინალში ირანელ რეიზა აფშართან დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ გიგია ლუქუნიძეს (110 კგ), თემურ თუთარაშვილს (48 კგ) და რატი რევაზაშვილს (65 კგ), მაგრამ სამივე მათგანმა წააგო და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულა.
ხვალ, 25 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს კონსტანტინე პეტრიაშვილი (92კგ). გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მერვედფინალში – ამერიკელ, მეოთხედფინალში – ყირგიზ, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ხადუნოუს 14:4 სძლია და მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.