თავისუფალი ჭიდაობა - მაჭარაშვილი ფინალშია, ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი | მინსკი 2019 [ვიდეო]
თავისუფალი ჭიდაობა - მაჭარაშვილი ფინალშია, ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ნახევარფინალამდე მხოლოდ მძიმეწონოსანმა გივი მაჭარაშვილმა გააღწია. 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალამდე ფინელი (10:0) და რუმინელი (14:3) მეტოქეები აშკარა უპირატესობით, ვადამდე დაამარცხა. ფინალში გადასასვლელად 22 წლის მაჭარაშვილს მეტოქედ აზერბაიჯანელი ჯამალადდინ მოგამედოვი ერგო. შეხვედრა ქართველის უპირატესობით დაიწყო და პირველი სეტი ანგარიშით 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში მოგამედოვმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა გივიმ მალევე კიდევ ორი ქულა აიღო, ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. ფინალური შეხვედრა, სადაც მაჭარაშვილის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი, ანზორ ხიზრიევი იქნება, ხვალ, თბილისის დროით 21:10 საათზეა დაგეგმილი.

დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო და 26 ივნისს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას დაიწყებს მოჭიდავე ლაშა ლომთაძე. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა (57 კგ.) დღეს პირველივე შეხვედრა დათმო მერვედფინალში, სადაც სერბ სტევან მიციჩთან ანგარიშით 4:2 დამარცხდა. საბოლოოდ, მიციჩმა ფინალამდე გააღწია და ლომთაძეს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი დაუტოვა. 28 წლის ქართველ მოჭიდავეს კვარცხლბეკზე ასასვლელად ორი გამარჯვების მოპოვება დასჭირდება. პირველ შეხვედრაში მისი მეტოქე თურქი სულეიმან ატლი იქნება, მოგების შემთხვევაში კი ლაშა მედლისთვის უკრაინელ ტარას მარკოვიჩს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს ავთანდილ კენჭაძეს. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ავთომ პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ქართველი, რუსეთის ნაკრების წევრ ზაურბეკ სადიკოვთან დამარცხდა (3:5). სადიკოვმა საბოლოოდ ფინალში გააღწია და შედეგად კენჭაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაუტოვა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლას 23 წლის კენჭაძე მასპინძელთა წარმომადგენელ – აზამატ ნურიკაუსთან გამართავს.

დღეს მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა, სანდრო ამინაშვილმა (86 კგ.) მერვედფინალში შვეიცარიელ შტეფან რაიხმუტს მოუგო (3:2), მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ალექსანდერ გოსტიევთან წააგო (2:6), რომელმაც საბოლოოდ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ამინაშვილმაც, ზედიზედ მეორე ევროპულ თამაშებზე მედლის აღების შანსი დაკარგა.

დღევანდელი წონითი კატეგორიების ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენა, ხვალ, თბილისის დროით 19:40-იდან დაიწყება. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილ ორ წევრს, ისინი მინსკის „სპორტის სასახლის“ არენაზე ხვალ გავლენ. 26 ივნისს კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ასევე პირველი ევროპული თამაშების ფინალისტი – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაიწყებენ. ამ წონითი კატეგორიების წინასწარი შეხვედრები სტარტს 12:20-ზე აიღებს, მედლებისთვის ბრძოლები კი 27 ივნისს გაიმართება.