თავისუფალი ჭიდაობა | ლუკა ღვინჯილია 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი – ლუკა ღვინჯილია (57კგ), ნიკოლოზ ბეშიძე (65კგ), გოგა ოთინაშვილი (70კგ), გიორგი გოგრიჭიანი (79კგ) და რამინ გულიტაშვილი (97კგ) გამოვიდა.
საქართველოს ნაკრების ხუთი წევრიდან ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ ლუკა ღვინჯილიამ მოახერხა. ჩვენმა ფალავანმა მერვედფინალური და მეოთხედფინალური შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით 10:0 მოიგო. ღვინჯილია ფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ლევ პავლოვს დაუპირისპირდება.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი დანარჩენი ოთხი მოჭიდავიდან რეპეჟაშიდან ბრინჯაოს შანსს ოთხივე ინარჩუნებს, ვინაიდან მათი დამმარცხებელი სპორტსმენები ნახევარფინალში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს პონტევედრაში დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილზე თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) გავიდნენ.