თავისუფალი ჭიდაობა - გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]
თავისუფალი ჭიდაობა - გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გივი მაჭარაშვილმა მოუტანა. 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მაჭარაშვილმა 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, რუსეთის ნაკრების წევრთ ანზორ ხიზრიევთან პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით 0:1 დათმო. შეხვედრის მეორე ნახევარი 22 წლის მაჭარაშვილმა შეტევით დაიწყო, თუმცა კონტრილეთი გამოეპარა და კიდევ ორი ქულა გაუშვა. გივიმ საპასუხო ორქულიანი შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეასრულა. დარჩენილ დროში ქართველი მძიმეწონოსანი ვა-ბანკზე წავიდა, ბოლო წამებზე ოთხქულიანზე დაეცა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე კიდევ ერთი მედალი, ოღონდ ბრინჯაოსი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ კენჭაძემ აიღო, რომელმაც მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში მასპინძელი აზამატ ნურიკაუ ანგარიშით 8:3 დაამარცხა.

ფინალური ბლოკის დაწყებამდე, ორ წონით კატეგორიაში წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. 65 კილოგრამში, ფინალში გავიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც მოლდოველ ანდრეი პეპერლიცას ანგარიშით 4:1 მოუგო, ნახევარფინალში კი ბევრად გამოცდილი მეტოქე, რუსეთის ნაკრების წევრი აჰმედ ჩაკაევი ერგო, რომელსაც ანგარიშით 8:2 სძლია. ოქროს მედლისთვის ბრძოლას, რომელიც 27 ივნისს 19:50-ზეა დაგეგმილი, ტიტულოვანი ქართველი ფალავანი მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის გამარჯვებულ ჰაჯი ალიევთან ჩაატარებს.

რეპეშაჟში გადაერთო დღეს მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ოდიკაძემ, მერვედფინალში სომხეთის ნაკრების წევრი სარგის ჰოვსეპიანი აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 13:2 დაამარცხა. მეორე ორთაბრძოლა ბაქოს ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ოდიკაძემ, აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან გამართა, საბოლოოდ ანგარიშით 7:3 დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამის შემდეგ გაჯიევმა ფინალში გასვლაც მოახერხა და პირველი ევროპული თამაშების ვერცხლისმედალოსან ოდიკაძეს, ამ ტურნირზე მეორე მედლის აღების შანსი შეუნარჩუნა. დამამშვიდებელ რაუნდში, ელიზბარი პოლონელ რადოსლავ ბარანს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის უკრაინის ნაკრების წევრ მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდება.