თავისუფალი ჭიდაობა - გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
თავისუფალი ჭიდაობა - გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპულ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი, რომელმაც მეორე შეხვედრაც ვადამდელი გამარჯვებით დაასრულა. პირველ წრეში ფინელი იერე ჰეინოს ანგარიშით 10:0 ძლევის შემდეგ, 22 წლის ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში რუმინელ რარეს ჩნტოანს გადაურბინა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მაჭარაშვილმა მხოლოდ სამი ქულა გაუშვა, თავად კი 14 მოიპოვა და თან ამ ყველაფრისთვის მხოლოდ პირველი პერიოდი იკმარა. ნახევარფინალში გივი მაჭარაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი ჯამალადდინ მაგომედოვი იქნება.

ნახევარფინალური ბლოკი მინსკის „სპორტის სასახლეში“ თბილისის დროით 19:00-იდან დაიწყება, მაჭარაშვილის ორთაბრძოლა კი დაახლოებით 20:00-ზე შედგება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც „საქართველოს პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.

მინსკში, დღესვე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერვედფინალში დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ლაშა ლომთაძე, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მეოთხედფინალში რუსი ზაურბეკ სიდაკოვის ბარიერი ავთანდილ კენჭაძემ ვერ დაძლია. ასევე მეოთხედფინალში დამარცხდა სანდრო ამნიაშვილიც. „ბაქო 2015“-ის პრიზიორმა ანგარიშით 2:6 აზერბაიჯანელ გოსტიევთან დათმო.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილ ორ წევრს, ისინი მინსკის „სპორტის სასახლის“ არენაზე ხვალ გავლენ. 26 ივნისს კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ასევე პირველი ევროპული თამაშების ფინალისტი – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაიწყებენ.