თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში პრინციპულ მეტოქესთან, თურქ ტაჰა აკგულთან 4:5 დამარცხდა.
ფინალურ ბლოკში მირიან მაისურაძემ (92 კგ) დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა რუმინელი ანდრიან გროსული დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს საქარველოს ნაკრების ოთხმა წევრმა შეძლო მედლის მოპოვება.
გივი მაჭარაშვილი (97კგ) ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ფინალში მან აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა. ნაკრების დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.
2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.