თავისუფალი ჭიდაობა - ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს თავისუფალ ჭიდაობაში მედლების ბოლო ორი კომპლექტი გადანაწილდება. 97 კილოგრამი წონითი კატეგორიის დამამშვიდებელ რაუნდში თავისი შეხვედრა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა – ელიზბარ ოდიკაძემ მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა პოლონელ რადოსლაუ ბარანთან პირველი პერიოდი 1:0 გაიმარჯვა, მეორეში მოჭიდავეებმა ორ-ორი ქულა გაცვალეს და შედეგად მესამე ადგილისთვის შეხვედრაშიც ოდიკაძე იასპარეზებს. ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორ ელიზბარ ოდიკაძეს ამ ტურნირის მეორე მედლის ასაღებად უკრაინის ნაკრების წევრის – მურაზ მჭედლიძის დამარცხება მოუწევს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა თბილისის დროით 20:30-ზეა ჩანიშნული.

დღესვე 19:50-ზე 65 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალური ორთაბრძოლა გაიმართება, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ასევე საკმაოდ ტიტულოვან აზერბაიჯანელს, ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ რომ გიორგი იანტბელიძს გუნდიდან კვარცხლბეკზე ასვლა უკვე ორმა სპორტსმენმა შეძლო. გივი მაჭარაშვილი (125 კგ.) ვერცხლის, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.