თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ოთხი ქართველი ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ოთხი ქართველი ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

რომში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ასპარეზობა დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო. ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად გამოვიდნენ წინასწარ და ნახევარფინალურ შეხვედრებში. ხუთი სპორტსმენიდან ოთხი კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებს.

მერაბ სულეიმანიშვილი (125კგ) ფინალში გასასვლელად ბულგარელ ივანოვს შეხვდა და დამაჯერებლად 13:3 დაამარცხა. ანდრო მარგიშვილი (92კგ) ნახევარფინალში უკრაინელ საჰალიუკთან შეხვედრის მიმდინარეობისას 3:8 მარცხდებოდა, მაგრამ ქართველმა შეუძლებელი შეძლო და ურთულესი დაპირისპირება 40 წამში შემოატრიალა (9:8). დავით კოღუაშვილიც (86კგ) უკრაინელ მოჭიდავეს შეხვდა და მეტოქეს მარტივად 13:2 სძლია. ფინალში დავით აბდალაძეც (61კგ), მან რუმინელი სანდუ 7:0 დაამარცხა.74კგ-ში ლუკა ჩხიტუნიძე ნახევარფინალში მოლდოველ მოჭიდავესთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.

დღეს კი ფინალურ ბლოკში გუშინდელი ხუთი წონის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ოთარ ადეიშვილი (79კგ) ფინალში იჭიდავებს, ლუკა ღვინჯილია (57კგ), ლუკა ხუჭუა (97კგ) და კუკა ჯანეზაშვილი (65კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.