თავისუფალი ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილი ნახევარფინალში იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის დღეს ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა. ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოახერხა. ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მერვედფინალში – ამერიკელ, ხოლო მეოთხედფინალში ყირგიზ ფალავანს სძლია და მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებს. პეტრიაშვილი ფინალში გასასვლელად 18:00 საათზე გამოვა.
დღესვე შეჯიბრების ფინალურ ბლოკში ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე ირანელი რეიზა აფშარი იქნება. გიგია ლუქუნიძე (110 კგ), თემურ თუთარაშვილი (48 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.