თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს.

კომიტეტში აცხადებენ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო შეაფასა და ამ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, კომიტეტმა, დაზვერვის ხელმძღვანელს დახურულ ფორმატში მოუსმინა. ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მომხსენებელმა დეპუტატებს მათთვის საინტერესო თემებზე შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სხდომაზე განხილული საკითხი შეაფასა.

„კომიტეტმა დახურულ ფორმატში, ფართო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია, მათ შორის, ეხებოდა სამხრეთ კავკასიას, უკრაინას და უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ მოვლენებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მთლიანად რეგიონში. ჩვენ საინტერესო და დეტალური ინფორმაცია მოვისმინეთ, სადაც აღნიშნა, რომ რუსული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში უსაფრთხოების გარემო მკვეთრად გაუარესებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მოსალოდნელ გამოწვევებზე, მოვლენების შესაძლო განვითარების საფრთხეებზე და მათ შესაძლო გავლენებზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე.

ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, იყო მაღალ დონეზე მომზადებული, ეს ადასტურებს დაზვერვის სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმს, ჩვენი ღირსეული მზვერავების, როგორც ოპერატიული თანამშრომლების, ასევე ანალიტიკოსების საქმიანობის ეფექტიანობას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლიერებას და მხარდაჭერას ვუდასტურებ თითოეულ მათგანს იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესრულებაში, რასაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, პროგნოზირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის მიწოდება წარმოადგენს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დატოვე კომენტარი