თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის 29 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია. სამაგალითოა ქართველი მეომრების სიმამაცე და თავგანწირვა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ, მთლიანად განადგურდა რუსული დესანტი, რომლის გადმოსხმის ოპერაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მიერ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული. ტამიშის ბრძოლაში ჩვენ 250 მდე მებრძოლი დავკარგეთ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სახელები და მომავალი თაობები მუდამ იამაყებენ ჩვენი მეომრების თავგანწირვით. დიდება გმირებს!“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ქართველი მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს და პატივი მიაგეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და კომიტეტის წევრმა რესან კონცელიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.