თავდაცვის სამინისტროში ჯუანშერ ბურჭულაძისა და ჯეიმს აპატურაის შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში ჯუანშერ ბურჭულაძისა და ჯეიმს აპატურაის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯეიმს აპატურაის ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ჯეიმს აპატურაის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, ნატო-სთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდაში, მისი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელება, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში ნატო-ს აქტიური ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ალიანსის სახელით ჩვენს ქვეყანას ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მისიის ფარგლებში, გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2010 წლის დეკემბრიდან იკავებს. უახლოეს მომავალში ის აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას დაასრულებს და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.