თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და GIPA-ს რექტორმა, მარინე იოსელიანმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს.

მემორანდუმის ფარგლებში, უწყების პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პროფესიული გადამზადება, მათთვის სამეცნიერო-კვლევითი შეხვედრების ორგანიზება და პროგრამებში ჩართულობა.

თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სტუდენტებს უწყების დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს. თანამშრომლობის დოკუმენტის საფუძველზე, სამინისტროს ექსპერტები.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სემინარების ჩატარებას უზრუნველყოფენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.