თავდაცვის სამინისტროს ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს პატიმრობა შეეფარდა
თავდაცვის სამინისტროს ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ, გიორგი ჯოჯიშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ წარდგენილ ბრალში დანაშაული არ მიუძღვის, ხოლო სამშენებლო მასალა სხვა პირის დასახმარებლად ჰქონდა წამოღებული.

„გარკვეული დახმარება გაუწია სხვა კონკრეტულ პირებს, ამ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაციის გაცემის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი როგორც ოჯახიდან, ასევე თავდაცვის სისტემისგან. ეს არის სხვა პერსონა, რომელსაც დახმარება გაეწია ამ სამშენებლო მასალებით. საქმეში ასეთი რამე არ არის, რომ ვინმეს რამეს აიძულებდა. ეს არის სამხედრო სისტემა, როდესაც ბრძანება ზემდგომის მიერ აუცილებლად უნდა შესრულდეს და მას სხვა უფლება არ ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„მითვისებული მასალა თანხაში გამოხატული არის დაახლოებით 9 200 ლარი. მიმდინარეობს ზიანის სრული ოდენობის განსაზღვრა და ვარაუდია, რომ აღნიშნული ზიანი შეიძლება გაიზარდოს. რაც შეეხება მითვისებული ქონებით სხვის დახმარებას, არასერიოზულია. როდესაც ხელმძღვანელი პირი გავალებს რაღაცას, არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ თუ კი მის დავალებას არ შეასრულებ, შესაძლოა მოგიწიოს თანამდებობის დატოვება, ამიტომ ის ორი პირი იძულებული იყო. საუბარია სამშენებლო მასალებზე, ბლოკზე არმატურებსა და სხვა მასალაზე. ამ მასალით ახორციელებდა საკუთარ ეზოში სხვადასხვა შენობა ნაგებობების მშენებლობას“, – განაცხადა პროკურორმა დავით კვინიკაძემ.

წინასასამართლო სხდომა 26 მარტს ჩაინიშნა.

გიორგი ჯოჯიშვილს ბრალად ედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ქონებას 2018 წელსა და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში უკანონოდ დაეუფლა.