თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყების საინფორმაციო კამპანია კახეთიდან დაიწყო
თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყების საინფორმაციო კამპანია კახეთიდან დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია კახეთიდან დაიწყო. მოსახლეობასთან და სტუდენტებთან თელავის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელების განცხადებით, სამინისტრო  ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში ნებაყოფლობით გაწევრიანების მსურველ 18-დან 50 წლამდე მოქალაქეებს უპრეცენდენტო პირობებს სთავაზობს.

რეზერვში გაწევრიანების შემთხვევაში, მოქალაქეს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სოციალური დახმარება. 5 წლიანი კონტრაქტით საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში გადანაწილებულია 45 დღეზე, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება ყოველწლიურად 2700 ლარს შეადგენს. 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

პირველ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები.