თავდაცვის სამინისტრო - სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გასცემს
თავდაცვის სამინისტრო - სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გასცემს

ცალკეულ შემთხვევებში სამინისტრო, თავდაცვისუნარიანობის მიზნებისა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებიდან გამომდინარე, პერსონალურ ინფორმაციას არ გაავრცელებს და სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გასცემს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ბოლო რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია, შესაბამისად საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მიეწოდება. ინფორმაციის გავრცელება ხდება კოორდინირებულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა შემთხვევას“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო მკაცრად იცავს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და კანონს.

„შესაბამისად, თავს იკავებს და არ ასახელებს კონკრეტული სამხედრო თუ სამოქალაქო პირის ვინაობას, რაც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. საუბარია, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეზე. ამის შემდეგ თავდაცვის უწყებაში სხვა, ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ორივე შემთხვევაში ინფიცირების სავარაუდო წყარო უცხოურ კლასტერს უკავშირდებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დადგინდა მათთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრებათ“, – აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მომავალში თავდაცვის სამინისტრო შესაძლო შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გასცემს.

„დამატებით მოგახსენებთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში სამინისტრო, თავდაცვისუნარიანობის მიზნებისა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებიდან გამომდინარე, პერსონალურ ინფორმაციას არ გაავრცელებს და სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გასცემს. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატო-ს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.