თავდაცვის სამინისტრო - ნატო-საქართველოს განახლებული პაკეტი თავდაცვის შესაძლებლობის აღმშენებლობას, თავსებადობის ამაღლებასა და ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს მეტად შეუწყობს ხელს
თავდაცვის სამინისტრო - ნატო-საქართველოს განახლებული პაკეტი თავდაცვის შესაძლებლობის აღმშენებლობას, თავსებადობის ამაღლებასა და ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს მეტად შეუწყობს ხელს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (refreshed SNGP) დამტკიცდა.

განახლებული პაკეტი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლება/გადახედვის (SNGP Refresh) შესახებ გადაწყვეტილება პაკეტის მიღებიდან ხუთი წლის თავზე, 2019 წელს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. საბჭოს დავალებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს (PCSC) 2020 წლის განმავლობაში აღნიშნული პროცესის ხელმძღვანელობა დაევალა. პროცესს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ჩამოყალიბებული „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უწყებათაშორისი საბჭო“ უძღვებოდა“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის უწყებას ასევე მოჰყავს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომელიც გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის შემდეგ გააკეთა.

„ის ფაქტი, რომ დღეს მინისტრების დონეზე გვქონდა შეხვედრა პარტნიორებთან, ჩვენი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ეს არის საქართველოს მიმართ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება, ასევე ჩვენი დემონსტრირება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიმართ. ამას ვაკეთებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებით, რომელიც საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმებს წარმოადგენს. ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ საქართველოსთან პრაქტიკული დონეზე მხარდაჭერის გასაძლიერებლად სხვადასხვა გზას ეძებენ. ნატო 2030-ის ერთ-ერთი მიზანია პარტნიორობის გაძლიერება ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურ მდივანმა მინისტერიალის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელების ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, SNGP-ის განახლების პროცესი არსებული ინიციატივების გადახედვას, ინტენსიფიკაციას, წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების დამატებას ისახავდა მიზნად.