მფრინავი ეკა ქვლივიძე აცხადებს, რომ მასსა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა
მფრინავი ეკა ქვლივიძე აცხადებს, რომ მასსა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა

საქართველო თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს.

როგორც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრის შემდეგ ეკა ქვლივიძემ განცხადა, შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

ქვლივიძის თქმით, საქმიანობას სამოქალაქო ავიაციაში მფრინავი ინსტრუქტორის პოზიციაზე გააგრძელებს და ასევე იმუშავებს თავდაცვის სამინისტროს აკადემიაშიც.

„გამოვხატავთ კმაყოფილებას, რომ ეს შეხვედრა შედგა, მქონდა საშუალება, განგვეხილა არსებული პრობლემები. მოლაპარაკების შედეგად ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული და თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სარჩელს გამოიტანს, პარალელურ რეჟიმში მე სამოქალაქო ცხოვრებაში ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით, მექნება საშუალება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო განხრით ვიფრინო. მზაობა გამოვხატე, რომ გორში სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეული სპეციალისტი ლექციები ჩავატარო. როგორც კი საშუალება იქნება თავდაცვის სამინისტროს დავბრუნდები და აღვდგები როგორც სამხედრო კადრი“, – განაცხადა ეკა ქვლივიძემ.

ქვლივიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც უწყებამ მფრინავთან დაკავშირებით 27 მარტს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში დისკრიმინაციის შესახებ არ განუცხადებია, პრეტენზიები სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა.