თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობის მიმართულებით , კევინ ჰამილტონს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა კევინ ჰამილტონს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებზე. 

კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც დიდ როლს ასრულებს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) მოინახულებს, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებული ცენტრის შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობა.