თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

„ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატო-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. ნატო-ს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი/კონტრიბუცია ნატო-სთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემასთან”.

ასევე, სკოლა განხილულ იქნა, როგორც როლური მოდელი, რომლის მიერ დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკები, მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსი ინსტიტუტებისთვის. DIB სკოლა დღეიდან საქმიანობას განაგრძობს როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ნატო-მ 6-წლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

დატოვე კომენტარი