თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის ასოცირებული პარტნიორი გახდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის ასოცირებული პარტნიორი გახდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) სამეთვალყურეო საბჭომ ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, DIBS-ი ევროკავშირთან აფილირებული პირველი სასწავლო ინსტიტუტი გახდა საქართველოში.

მათივე ცნობით, სტატუსის მინიჭებას წინ უძღოდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბელგიის სამეფოს ქ. ბრიუსელში. ვიზიტის ფარგლებში სკოლის დირექტორი და მოადგილე ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (European Security and Defence College — ESDC) აკადემიური საბჭოს სხდომას დაესწრნენ.

შეხვედრაზე ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ევროკავშირის და მასთან დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებების როლი და მნიშვნელობა განიხილეს. საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა DIBS-ის საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სკოლის შესაძლებლობებსა და სურვილს, სასწავლო აქტივობებით მხარი დაუჭიროს ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებას. DIBS-ის ასოცირებულ წევრობას აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ასოცირებული პარტნიორის სტატუსით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ევროკავშირის სასწავლო ამოცანებს დაუჭერს მხარს, ასევე დაიგეგმება ერთობლივი სასწავლო აქტივობები. მიმდინარე წლის ივნისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. სკოლამ ნატო-ს 6-წლიანი, უპირობო ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და საქართველო გახდა რეგიონში პირველი პარტნიორი ქვეყანა ნატო-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, როგორც ნატო-ს მიერ აკრედიტებული და ევროკავშირთან აფილირებული სასწავლო დაწესებულება, 2023 წლიდან ხელს შეუწყობს NATO-EU პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში, რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.