თავდაცვის ძალების ყველა ბრიგადა ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა
თავდაცვის ძალების ყველა ბრიგადა ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში დაათვალიერა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ახლად გარემონტებული სპორტული კომპლექსი მოინახულა, რომელიც ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. მას ერთდროულად 50 სამხედრო მოსამსახურის მიღება შეუძლია.

ლევან იზორიამ ბაზაზე არსებული კალათბურთის დარბაზი და საცურაო აუზიც დაათვალიერა, სადაც თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილები უფასოდ ვარჯიშობენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედრო ბაზებზე არსებულ სპორტულ დარბაზებში თავდაცვის უწყების თანამშრომლების ბავშვებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში წრეები ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მიიღონ სპორტული გამოცდილება და გაიუმჯობესონ ფიზიკური კონდიციები.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეითი და ხონის VI საარტილერიო ბრიგადების, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადისა და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სპორტული კომპლექსები ასევე გაიხსნა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და სპეციალური ოპერაციების ძალებში. სპორტული კომპლექსები აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ინვენტარით. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვედანაყოფებში სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.