ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საკითხზე მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს
ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საკითხზე მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესია გახსნა, სადაც დღეს სიტყვით გამოვა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

დღესვე საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან და კოლეგა მინისტრებთან.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ისევე როგორც გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე, ისევე როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

სამინისტროს ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძე ასევე ისაუბრებს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხვალ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ ჰუსეინთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან და გაერო-ს გენერალურ დირექტორთან მიხაილ მოლერთან.