ტატო გრიგალაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და გიორგი შერაზადიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 11 ქართველი ძიუდოისტი გამოვა საასპარეზოდ. 81 კგ-ში პირველი შეხვედრები ჩაატარეს ტატო გრიგალაშვილმა და გიორგი შერაზადიშვილმა.
ტატომ ტაჯიკი აბდულჯალილოვი გაფრთხილებებით დაამარცხა, გიორგიმ კი ბელგიელ უმაიევს სძლია.
ასევე წარმატებული სტარტი ჰქონდა ტურნირზე ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილს (73კგ). მან უკრაინელ ხომულას მოუგო და მერვედფინალში იჭიდავებს.
ცოტა ხნით ადრე 73 კგ-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი კორეელ კანგს დაუპირისპირდა და მეტოქე გაფრთხილებებით დაამარცხა.
ჩვენი ნაკრების დანარჩენი წევრებიდან რეგინა უთნელიშვილი (63კგ) ფრანგ დეკეტერთან რამდენიმე წამში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ასევე პირველივე დაპირისპირება დათმო შეჯიბრზე მარიამ ციხელაშვილმაც (63კგ). წინასწარი შეხვედრები 11:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 17:00-ზე გაიმართება.