ტარიფების საკითხზე შექმნილი საბჭოს პირველი სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში მომავალ კვირაში გაიმართება
ტარიფების საკითხზე შექმნილი საბჭოს პირველი სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში მომავალ კვირაში გაიმართება

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს მიმართა თხოვნით, წარმოადგინონ კანდიდატი უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოში გაწევრიანებისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს საბჭო იქნება პლატფორმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცვლილებების ინიციატივების განხილვისთვის და მომავალ კვირაში სავარაუდოდ საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება. თამარ გაბუნიას განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნება როგორც 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებული, ასევე სხვა ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამას.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ათამდე კლინიკამ, რომელთა დიდი ნაწილი თბილისშია, უკვე წარადგინა ფინანსური დოკუმენტაცია. გაბუნია იმედს გამოთქვამს, რომ მიიღებენ დამატებით, დაზუსტებულ ინფორმაციას რეგიონების კლინიკებიდანაც.

მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ მთავრობის 520-ე დადგენილება არ ითვალისწინებს ზოგიერთი რთული შემთხვევის მართვას და კონკრეტული ინტერვენციების ჩატარებას, ჯანდაცვის სამინისტრო რთული შემთხვევების სამართავად ახალ კოდებს შექმნის.

„ჩვენი პოზიციაა, რომ მომზადდება დამატებითი კოდი ამ გართულებული შემთხვევებისთვის. ამ კვირაში ვიმუშავებთ, რომ ახალი კოდები შეიქმნეს,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი გართულებები შესაძლოა, შემთხვევათა 5-10 პროცენტში დადგეს. თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით ცვლილება შეეხო კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას, პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად მოხდება კოდების გათანაბრება სხვა ინტერვენციებზეც.

„აქ ვსაუბრობთ 3-6-თვიან პერსპექტივაზე სხვადასხვა ინტერვენციისთვის. ესაა სამუშაო პროცესი, სამინისტრო ღიაა და თუ გამოვლინდა ხარვეზები, რასაც კლინიკები ჩათვლიან, რომ ხელს უშლის მათ ფუნქციონირებას და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას, შესაძლოა, მოხდეს კორექცია, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მთავრობის 520-ე დადგენილებით კარდიოქირურგიისა და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფები გათანაბრდა. რეგულაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს შეეხო. კერძო კლინიკების ნაწილმა ცვლილება გააპროტესტა და ტარიფებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით წერილით პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრსა და ბიზნესომბუდსმენს მიმართა.