ტარიელ მიქაცაძე - ჩვენ გეგმას სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობთ, ვიდრე დაზარალებული მოსახლეობის და დასაქმებულების პრობლემები არ მოგვარდება, ჭიათურიდან ერთი მარცვალი მარგანეცი არ გავა
ტარიელ მიქაცაძე - ჩვენ გეგმას სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობთ, ვიდრე დაზარალებული მოსახლეობის და დასაქმებულების პრობლემები არ მოგვარდება, ჭიათურიდან ერთი მარცვალი მარგანეცი არ გავა

დღევანდელი სამმხრივი კომისიის შედეგებზე ინფორმირებული არ ვარ და ვერ გამოგყვებით ამ თემაში ძირფესვიანად, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“, წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამთა სანიკიძემ სტუმარს ჰკითხა, მისაღებია თუ არა მაღაროელებისთვის ის წინადადება, რაც სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა, რომ კომპანია მზად არის, გარკვეული პირობებითა და დათქმებით აღადგინოს მიწისქვეშა სამუშაოები და მაღაროელებს გადაუხადოს ხელფასის 60% აღდგომის წინ.

„ჩვენ ნდობა ძალიან ნაკლები გვაქვს, რა ინფორმაციაც მოგვაწოდეთ სამმხრივი კომისიის, რადგან იქ არის ისეთი მესამე მხარე, ხალხის მხარე, დასაქმებულების მხარე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირ სასიკეთოს არ მოუტანს ჭიათურას და დასაქმებულებს. რაც შეეხება კომპანიის დათქმებს, დათქმებია და თან დათმობაც გამოდის. იმიტომ, რომ 7 მარტს ოფიციალურად მოგვწერეს, თქვენ დაგემშვიდობეთ, კარგად ბრძანდებოდეთ, დავკეტე მიწისქვეშა წარმოება, ღია კარიერულზე გადამყავს მთელი საწარმო, იქ დავასაქმებ 2 000-მდე ადამიანს და მაღაროები არ მაინტერესებსო. ეს არის ბატონი თემურ ხომელიას საუბარი და ახლა მოხდა რაღაც, ვფიქრობთ, იძულებით“, – განაცხადა მიქაცაძემ.

მისი თქმით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკური უკან დახევა კომპანიისგან.

„რასაც ითხოვდა, იმას ნამდვილად არ ელოდა, რომ მიიღებდა, თუმცა მთავარი ფაქტორი, აქ რაც არის, უცვლელი რჩება, 3 620 ადამიანის ნაცვლად მას სჭირდება 2 000 ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ მაღაროები აღადგინა კიდეც. ეს არის ყველაზე მთავარი ფაქტორი. ჯერ ისედაც მონოინდუსტრიული ქალაქია და დასაქმების პრობლემა არის ჭიათურაში. საუბრობენ ალტერნატიული სამუშაოების გზებზე, რომელიც ვერ მოესწრება წლების განმავლობაში და ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში დარჩება შემოსავლის გარეშე“, – განაცხადა მიქაცაძემ.

როგორც მაღაროელმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, ისინი ეთანხმებიან იმას, რომ არის გაბერილი შტატები, რომლებიც კომპანიას ჰყავს სახელმძღვანელო რგოლში – დირექტორები, კიდევ მათი დირექტორები და ისეთი ადამიანები, რომლებმაც არ იციან, სად მუშაობენ, სად არიან გაფორმებული, რეალურად არც მუშაობენ და ხელფასი 20 000 ლარი და მეტიც აქვთ.

„ასეთი კადრი უნდა მოშორდეს, მაგრამ რაც შეეხება მაღაროში დასაქმებულს, საწარმოს ფუნქციონირებაში დასაქმებულ ადამიანს, ასეთი კადრი არ უნდა გათავისუფლდეს. ეს მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რადგან კადრები ეტაპობრივად მცირდება წლების განმავლობაში, თუმცა სამუშაო გეგმა იმატებს. რომ ვიყავით, დავუშვათ, სამი ადამიანი ერთ სამუშაოზე, ახლა ვართ ორნი, მაგრამ გეგმა იგივე და ზოგ შემთხვევაში მეტიც არის“, – განაცხადა მიქაცაძემ.

ტარიელ მიქაცაძემ ასევე აღნიშნა, რომ, ერთი შეხედვით, პროფკავშირების გაერთიანება და პროფკავშირი არის მშრომელი ადამიანის უფლების დამცველი, თუმცა მაღაროელები მას არ ენდობიან.

„რატომ არ ვენდობით, ასე შეიძლება დავსვათ კითხვა. ჩვენ 2019 წლიდან მოყოლებული ვთანამშრომლობთ ამ პროფკავშირების გაერთიანებასთან და, კერძოდ, სამთო და ქიმიური მრეწველობის დარგთან, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პროფკავშირებისგან ძალიან ბევრი სიცრუე, მოტყუება ვნახეთ. მაგალითად, 2019 წელს გვქონდა გაფიცვა, დაპირებებისა და რაღაც ხელშეკრულებების ფონზე შევაჩერეთ ეს პროცესი, დროში გაწერილი იყო ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, გადაიარაღება და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მოთხოვნები საერთოდ აღარ განიხილებოდა მომავალში. ახლა გადმოვიდეთ 2023 წელს, როცა ივნისში გვქონდა ძალიან დიდი გაფიცვა, პარლამენტთანაც ჩამოვედით და ზუსტად მაშინ ჩაერთო პროფკავშირები პროცესში, როცა ხალხი სულს ღაფავდა პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილობა იყო, მე-13 თუ მე-14 დღე და საკაცეებით გაჰყავდათ ხალხი. მაშინ თქვა პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, მოდით, აბა, დავიწყოთ ახლა მოლაპარაკებაო და ზუსტად იმ პირობებზე დაგვითანხმეს, რაზეც მათ სურდათ საუბარი. ჩვენ ნაწილობრივ აღარ ვენდობოდით მათ, ჩვენი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და მოვითხოვეთ კერძო იურისტის დასწრება გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც გადაწყდა ეს ჩვენი შეხვედრა. დაიდო ხელშეკრულება, მთავრობის წარმომადგენლებმაც მოაწერეს ხელი, პროფკავშირების ხელმძღვანელებმა იურისტთან ერთად და მოვაწერეთ ჩვენც, რომელიც მხარე ვიყავით, როგორც საინიციატივო ჯგუფი. ასევე მოაწერა ხელი კომპანიამაც ამ ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხელმოწერა და ხელშეკრულება იყო ძალიან ბუნდოვანი, დროში საერთოდ არ იყო გაწერილი, რა რა დროს უნდა შესრულებულიყო“, – განაცხადა მიქაცაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, პროფკავშირებს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულება ისე აქვთ დადებული და წესდება ისე აქვთ, რომ მაღაროელები თუ არ აღიარებენ პროფკავშირებს, ბრძოლით მოპოვებულ ინფლაციის 250 ლარს და სხვა ბენეფიტებს დაკარგავენ, რადგან წესდებაზე ამაზე აქვთ ხელი მოწერილი, რაც აქამდე არ იცოდნენ.

„ამიტომ გაერთიანებული პროფკავშირები ჩვენი სახელით სარგებლობს, მაგრამ ჩვენი ნდობით არ სარგებლობს. უბრალოდ, სხვა გზა არ აქვს მაღაროელს, დასაქმებულს, წევრს, თუ არ იქნება პროფკავშირების წევრი, თვეში, მინიმუმ, 300-400 ლარს დაკარგავს ხელფასის სახით“, – განაცხადა მიქაცაძემ.

ტარიელ მიქატაძემ ასევე განაცხადა, რომ ირაკლი პეტრიაშვილის მოგვარებული საქმე არ არსებობს ჭიათურაში.

„ჭიათურის პრობლემები მან არ იცის, ჩვენ ვიცით. იყოს ისიც, უბრალოდ, ჩვენც მოგვისმინის კომისიამ“, – განაცხადა მიქაცაძემ.

შეკითხვაზე, რა სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით აპირებენ ფუნქციონირებას მომავალში მაღაროელები, მიქატაძემ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ხვალ ჭიათურაში არის რიგით მეხუთე გრანდიოზული აქცია, სადაც გაჟღერდება მომავალი დღეებისა და კვირების სამოქმედო გეგმები და ყველას ეპატიჟებიან.

„მინდა, ვთხოვო ყველას, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მოვიდეს. გვაქვს უპირობო გეგმა, რასაც უკვე 45 დღეა, ვასრულებთ და არასდროს არ დავთმობთ, სიცოცხლის ფასადაც კი, რომ ვიდრე ეს პროცესები არ მოგვარდება, ვიდრე მთავრობა არ ჩაერთვება, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდა არ შედგება და არ მოგვარდება როგორც დაზარალებული მოსახლეობის, ასევე დასაქმებულების პრობლემები, მანამდე ჭიათურიდან არ გავა ერთი მარცვალი მარგანეცი, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მე პირადად“, – განაცხადა მიქაცაძემ.