„ტარაკნების“ ამბოხი – ახალგაზრდების პროტესტი ინდოეთში
საილუსტრაციო ფოტო
„ტარაკნების ამბოხი“ – ამ სახელით არის ცნობილი პროტესტი ინდოეთში, რომელსაც ჯენზის თაობის წარმომადგენლები უდგანან სათავეში. ახალგაზრდების პროტესტმა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის სიმტკიცე გატეხა და განათლების მინისტრი აიძულა, თანამდებობა დაეტოვებინა. ის შემობრუნების წერტილი გახდა ინდოეთის პოლიტიკაში. ამასთან, „ტარაკნების პროტესტი“ სამხრეთ აზიაში ბევრად უფრო ღრმა ტენდენციაზე მიანიშნებს. ისინი მილიონობით არიან; მათ თითქმის ყველა ქალაქის ყოველ კუთხეში შეხვდებით. ინდოეთში „ტარაკნების მოძრაობა“ ბოსტონიდან სამშობლოში დაბრუნებულმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, აბჰიჯიტ დიპკემ მაისში დააფუძნა.
კრისტოფერ ჟაფრელო, ინდოეთის პოლიტიკისა და სოციოლოგიის პროფესორი: „სიტყვა „ტარაკანა“, ახალგაზრდებთან მიმართებაში, პირველად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, სურია კანტმა გამოიყენა. მან ძალიან დამამცირებლად მოიხსენია უმუშევარი ახალგაზრდები და ისინი შეადარა პარაზიტებს, რომლებსაც მოთხოვნების წამოყენების უფლებაც კი არ აქვთ, რადგან ცხოვრებაში რამის მისაღწევად საკმარის ძალისხმევას არ ავლენენ.“
ყველაფერი კი მაისში, სამედიცინო სასწავლებლებში მისაღები გამოცდების შემდეგ დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ პირველადი შედეგები არასწორი იყო და აბიტურიენტებს გამოცდების ხელახლა ჩაბარება მოუწევდათ. ამას აბიტურიენტებს შორის თვითმკვლელობებიც კი მოჰყვა. კასტებად დაყოფილ ინდოეთის საზოგადოებაში ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა მილიონობით ახალგაზრდისთვის, რომლებიც უკეთესი მომავლისა და სოციალურ იერარქიაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვიან. ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მოაწყო პარლამენტზე შტურმი, ხოლო ერთ-ერთი აქტივისტის შიმშილობამ ეს წნეხი კიდევ უფრო გაზარდა. განათლების მინისტრის, დაჰარმენდრა პრადჰანის გადადგომა კი პროტესტის მონაწილეების ტრიუმფად მოინათლა.
აბჰიჯიტ დიპკე, „ტარაკნების სახალხო პარტიის“ დამფუძნებელი: „ეს არის ინდოეთის კონსტიტუციის, ხალხის გამარჯვება და დიქტატორის დამარცხება“.
პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სოციალურ ქსელში თავისი ერთ-ერთი იშვიათი პოსტი გამოაქვეყნა.
ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: „დღეს სათანადო მითითებები გავეცი. მკაცრი ზომების მიღებას ვაპირებ“.
საპროტესტო აქციების სერიას მოდი, გასული ათწლეულის განმავლობაში, წარმატებით უმკლავდებოდა, მაგრამ ე.წ. „ტარაკნებს“ იდეოლოგია არ აქვთ. ისინი სვამენ მკაფო კითხვას: შეუძლია თუ არა სახელმწიფოს პატიოსნების გარანტირება? ვინც შვილები დაკარგა, მათთვის ნუგეში არ არსებობს.
აკანკშა ჩატურვედი, გარდაცვლილი აბიტურიენტის მამა: „ჩემს ქალიშვილს ექიმობა სურდა, უნდოდა, თეთრი ხალათი ჩაეცვა და თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფილიყო. მან ოცნება ვერ აიხდინა. მთავრობა საკომპენსაციო თანხას მოგვცემს, მაგრამ შვილის გარეშე ცხოვრებაში რა ხეირია?“
„ეს არის გარდატეხის მომენტი მოდის ადმინისტრაციისთვის და მისი დასასრულის დასაწყისი“, – ვარაუდობენ ანალიტიკოსები. თუმცა საპროტესტო აქციების ეს ტალღა მხოლოდ ინდოეთისთვის არ არის დამახასიათებელი. გასულ წელს ნეპალში 26 პოპულარული პლატფორმა აიკრძალა, რის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტ შარმა ოლის გადაყენებით დასრულდა. ერთი წლით ადრე, ახალგაზრდების პროტესტის შედეგად, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი, შეიხ ჰასინაც გადადგა. უკმაყოფილების მიზეზი ყველგან ერთი და იგივეა: პრივილეგირებული ელიტა ყვავის იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდების შესაძლებლობები მცირდება, ხოლო რეგიონის დემოგრაფიული ბუმი, უპირატესობის ნაცვლად, პრობლემებს უფრო აღრმავებს.